ჩვენი
ფილმის გმირი 46 წლის არის და ბედიანის საავადმყოფოს არაიზოლირებულ, დერეფნული სისტემის გრძელ ოთახს 40-მდე სხვა პაციენტთან იყოფს. თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ოთახში, შეყვითლებულ საქაღალდეში ის ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსებსა და რამდენიმე ცარიელ ფურცელს ინახავს ხატვისთვის. მისი შიში სწორედ ხატვას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, პორტრეტის შექმნას. სჯერა, რომ თუ ოდესმე საკუთარი პორტრეტის დახატვა შეძლო, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. ამისთვის ის ემზადება. შტრიხების გამოყვანაში ვარჯიშობს და ძალიან ცდილობს ამ შიშზე გაიმარჯვოს.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის ამბავმა ამ დაბაში მცხოვრებლებიც და საავადმყოფოს მობინადრეებიც ერთნაირად შეაშფოთა. ადგილობრივების უმეტესობა ამ საავადმყოფოში მუშაობს  და მიზერული ხელფასის დაკარგვის ეშინიათ. ამ პროცესში ჩვენ ისევ ყველაზე ნაკლებად გვესმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც წლებია უკვე ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დიდი და მასიური კედლების მიღმა ცხოვრობენ. 

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია, როგორია კიდევ ერთი “სახლის” დაკარგვის შიში და როგორ ხვდებიან ისინი ამ ცვლილებას. ამ კითხვამ ფილმის მთავარ გმირთან და მის ძალიან პერსონალურ შიშთან მიგვიყვანა.

ამ ვიდეოს მომზადების პროცესში სწრაფად იცვლებოდა ინფორმაცია. თავდაპირველად ითქვა, რომ საავადმყოფოს ადგილას, ნარკო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნებოდა. პროტესტის შემდეგ გადაწყდა, რომ სახელმწიფო ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს აღარ დახურავს და პაციენტების დიდ ნაწილს, სანამ რემონტი დასრულდება, სხვადასხვა ინსტიტუციაში გადაიყვანს. ნაწილი კვლავ ბედიანში რჩება.

გამოცემები

შიში

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay