ფოტოგრაფი: სოფი მდივნიშვილი , ნატა ვაჰაბოვა , დიანა კარაპეტიანი
მაგალითად, ნორას, რომელმაც მედდის საქმიანობა შეისწავლა, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს საკუთარი პროფესიით იმუშავებს და იძულებული აღარ იქნება, თავი სექსმუშაკობით ირჩინოს. უმიდს კი, უბრალოდ, ძალიან უნდა, რომ საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად იგრძნოს. რაც შეეხება ანას, ის იმ დღეზე ოცნებობს, როცა შეყვარებულთან ერთად ხალხში ხელჩაკიდებული გაივლის.
ეს მათი ამბებია, იმ სივრცეებიდან მოყოლილი, სადაც თავს მშვიდად და რაც მთავარია ისე გრძნობენ, როგორც სახლში.
6 წელია საქართველომ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი მიიღო. წესით ამ ცვლილებას იმ ადამიანების უფლებებიც უნდა დაეცვა, რომლებიც ქვეყანაში სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა, რეალობა დღემდე განსხვავებულია. მათზე ძირითადად სიძულვილის ენით საუბრობენ და მათი ყველა შეკრებაც ბოლოს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების, ან რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან მუქარით სრულდება. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ამის გამო, ადამიანები იძულებულები არიან საშინელი ჩაგვრა, დამცირება აიტანონ. ხშირად ისინი ძალადობის მსხვერპლებიც ხდებიან.
ანი 18 წლისაა. 14 წლის იყო, როცა პირველად გაიაზრა, რომ გოგოები იზიდავდა.
“ბავშვობიდანვე ქალებს ვხატავდი და არა კაცებს. მსიამოვნებდა მათი სხეულის თოთოეული ნაწილის ფუნჯით ასახვა. შესაძლოა მაშინ ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ მოგვიანებით, მივხვდი, რომ ქალებთან გაცილებით მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რა მინდოდა სინამდვილეში. ამიტომაც გადავწყვიტე ურთიერთობა ორივე სქესთან მეცადა.”
იხსენებს როგორ გაანდო ეს ამბავი მაშინ თავის რამდენიმე ახლო მეგობარს, მაგრამ ვერ გაუგეს. დღეს იმ მეგობრებიდან არც-ერთთან ურთიერთობა აღარ აქვს.
ლიკა, 21 წლის. 13 წლის იყო, როცა მშობლებს პირველად გამოუტყდა, რომ ლესბოსელი იყო. საშინლად გაბრაზდნენ და არ აღიარეს. “ყველა მეგობარს ჩამომაშორეს, ტელეფონი წამართვეს, სკოლაში ჩემი კონტროლი დაიწყეს. საშინელი დეპრესია დამეწყო. ოთახში ჩავიკეტე და აღარ გავდიოდი, არც საჭმელს ვჭამდი. მამა როცა დათვრებოდა, სულ მცემდა”.
წლების შემდეგ, ძალადობასთან ერთად, შელოცვას უკითხავდნენ.
“მხოლოდ სიკვდილზე მეფიქრებოდა, თავის მოკვლაც ვცადე, ბევრი წამალი დავლიე ერთად, მაგრამ ჩემი და მიხვდა და მაშინვე საავადმყოფოში გადამიყვანეს.”
18 წლის იყო, როცა სოფელი დატოვა და დახმარების საძებნელად თბილისში ჩამოვიდა. “თანასწორობის მოძრაობიდან” აქტივისტები დაუდგნენ მხარში. პრინციპში, ისინი დაეხმარნენ რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა.
“გერმანია ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. რომელ ქვეყანაში წავიდოდი პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, მთავარი იყო საქართველო დამეტოვებინა. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ გერმანიაში უფრო ადვილად ჩავიდოდი.”
დღეს ლიკა გერმანიაში ცხოვრობს, დევნილის სტატუსს ელოდება. სტუდენტი გახდა და საქართველოსკენ გამოხედვაც არ უნდა.
სალომე 21 წლისაა. 11წლის იყო, როცა პირველად გოგო მოეწონა. ამის აღიარებამ მას მშობლებთან და უცხოებთანაც კი, ძალიან გაუმწვავა ურთიერთობა. ერთხელ სახლიდანაც კი გაიქცა, მაგრამ მშობლებმა ძალით დააბრუნეს. “შემპირდნენ რომ უკეთესად მომექცეოდნენ, მაგრამ როგროც კი სახლში მოვედით, ეკლესიაში წამიყვანეს. ვკარგავდი ჩემს თავს, სხეულს ვისახიჩრებდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ვერც ვერავის ველაპარაკებოდი გულწრფელად, რატომ ვიტანჯებოდი.”
ნიგარი 32 წლის არის და ლესბოსელია. პირველად ეს მე-9 კლასში გაიაზრა. დიდი ხანი ჰყავდა ერთი პარტნიორი, რომელიც ინტერნეტში, წყვილების გაცნობის ერთ-ერთ საიტზე გაიცნო. სამწუხაროდ, შვიდწლიანი ურთიერთობა დასრულდა. ნიგარი დღეს ისევ მარტოა.
როგორც მის მდგომარეობაში ბევრი სხვა, ნიგარიც ფიქრობს, რომ ერთ დღესაც სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად. საკუთარი მომავალი აზერბაიჯანისგან შორს წარმოუდგენია, თავისი პატარა მაღაზიით, სადაც სახლის მცენარეებს გაყიდის.
აიდა 21 წლის არის და თავს ლესბოსელად მიიჩნევს. იხსენებს რომ პირველად 12 წლის ასაკში მოეწონა სკოლის მეგობარი გოგო და ძალიან, ძალიან შეეშინდა ამ გრძნობის. დაიბნა. ამ დისკომფორტის მიზეზი მისი ტრადიციული ოჯახი იყო.
უნივერსიტეტში სწავლის დროს შეეცადა გარკვეულიყო და დაფიქრებულიყო თავის გრძნობებზე. ინტერნეტში ბევრს კითხულობდა ლგბტ ადამიანებზე, 2019 წელს უკვე “Y-peer” ორგანიზაციის წევრი გახდა ბაქოში. ეს ორგანიზაცია სექსუალური უმცირესობების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და აიდაც მათი აქტიური წევრია.
მო 35 წლის არის და ამბობს, რომ ქვიარ, ასექსუალია. ორი წლის წინ მშობლების სახლიდან წამოვიდა. ტრადიციულ საზოგადოებაში მოლოდინია, რომ ახალგაზრდა ადამიანები, მით უმეტეს გოგოები, მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ, ამიტომ მოს გადაწყვეტილებას გამბედაობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოს მშობლებთან თავის ინდეტობაზე გულწრფელად არასოდეს ულაპარაკია, ის თავის ვნებებსა და სექსუალურ გამოცდილებაზე საჯარო დისკუსიას სოციალურ პლატფორმებზე არასოდეს ერიდება. მისი ძმა და მშობლები ამ თემაზე მასთან ლაპარაკს ყოველთვის გაურბიან, თუმცა მო მზად არის მათ შეკითხვებს უპასუხოს.
ელვირა 29 წლის არის და ქალაქ ვანაძორში ცხოვრობს. ის არც-ერთ ორიენტაციას არ აკუთვნებს თავს. “ადრე ხან ვამბობდი რომ ჰეტეროსექსუალი ვარ, ხან ბისექსუალი, ხან პანსექსუალი და ზოგჯერ ქვიარი, მაგრამ ეხლა ეს სახელდებები არ მჭირდება.” ელვირას გაუმართლა, რომ ძალიან მეგობრული ოჯახი ჰყავს. თუმცა, ძალიან რთულია სომხეთში ცხოვრება მაშინ, თუ არ იზიარებ ტრადიციულ გენდერულ როლს, მით უმეტეს რეგიონში, სადაც ძალადობა, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები გაცილებით ძლიერია.