როცა იზოლაცია არ სრულდება

ავტორი: ლაშა შაყულაშვილი

ილუსტრატორი: მანანიკო კობახიძე


კოვიდ-19-მა მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს გამოაცდევინა იზოლაცია. სოციალური დისტანციის დაცვა და საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეებისთვის სავალდებულოა.

ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებისთვისაც იზოლაცია განსაკუთრებული მდგომარეობა კი არა, უბრალოდ, ცხოვრების წესია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სახლში ან ინსტიტუციაში გამოკეტვა, მიღებული პრაქტიკაასტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე წერია, რომ საქართველოში, ამ მიზეზით 340 ადამიანია ინსტიტუციაში.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი” გვეუბნება, რომ 125,104 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს პენსიის სახით (2017 წელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი)

2020 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ, სოციალური დახმარების პაკეტში, რომელიც სპეციალურად ვირუსის შედეგად დაზარალებულებისთვის მოამზადა, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებიც გააერთიანა; თუმცა, ზუსტი ციფრი, რამდენი ასეთი ადამიანია, არ დაუკონკრეტებია

ბევრ ქვეყანაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის არსებული სახელმწიფო სერვისები სულაც არ არის საკმარისი და არც მათ მიმართ დამოკიდებულებაა ერთგვაროვანი. ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ შიში, თითქოს შეზღუდული შესაძლებლობა გადამდებია, ამ ადამიანებს ხშირად სამუდამო კარანტინისთვის წირავს

განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს დამოკიდებულება რეგიონებში. ხალხს სჯერა, რომ თუ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობით დაიბადა ბავშვი, ის აუცილებლადცუდი გენისშედეგია. ამის გამო, ძალიან ხშირად ოჯახი სრულ იზოლაციაში ზრდის ბავშვს,” გვეუბნება ესმა გუმბერიძე.

ესმა უსინათლოა, 25 წლის. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრია. ამავდროულად, ესმა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია გაეროში 2019-2020 წლებში


საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას ხელი 2014 წელს მოაწერა. ამავე კონვენციის მე-19 მუხლი განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს მრავალფეროვან მხარდამჭერ მომსახურებაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, მათ შორის იგულისხმება, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა წაახალისოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა; რომ დაუშვებელია ხალხისგან მათი განცალკევება და იზოლაცია. ესმას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის, ახსენდება ერთი  მძიმე შემთხვევა რეგიონიდან, როცა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალი,  საკუთარი სახლის უკანა ეზოში, მთელი ცხოვრება დაბმული ჰყავდათ, რომ არცერთ თანასოფლელს არ დაენახა.

როცა ოჯახის წევრების მხრიდან იძულებით იზოლაციაზე ვსაუბრობთ, გენდერი, ძალიან დიდ როლს თამაშობს. ქალები უფრო მეტად იჩაგრებიან ამ დროს. ოჯახს ხშირად ეშინია, რომ მას გააუპატიურებენ ან მოიტაცებენ, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მეზობლებს დაუმალავენ და საერთოდ, არავის ეცოდინება მისი არსებობის შესახებ,” გვეუბნება ესმა.
ესმა და მისი თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ იძულებითი იზოლაციის ეს პერიოდი გლობალურად, შეიძლება, როგორც შესაძლებლობა, ისე დავინახოთ.
ეს შეიძლება ახალი შანსია საზოგადოებისთვის უფრო ემპათიური გახდეს.

მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები გაიაზრებენ, რომ  მკაცრი იზოლაცია ვიღაცებისთვის მუდმივია, მიუხედავად იმისა, გლობალურ პანდემიას ვებრძვით თუ არა,” ამბობს სალომე ქეცბაია, რომელიც უსინათლოა.

ვირუსი დღეს ორმაგ იზოლაციაში ამყოფებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. უმეტესობა ისედაც სულ სახლში იყო და ოჯახის სხვა წევრებზეა დამოკიდებული. მას შემდეგ რაც, თავისუფლად გადაადგილება ყველასთვის აიკრძალა, ისინი კიდევ უფრო ჩაკეტილები აღმოჩნდნენ,” გვიხსნის 19 წლის სალომე, რომელიც 12 წლის იყო, როცა მხედველობა დაკარგა. მან კარგად იცის რას ნიშნავს ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმიდან, უცებ სრულ იზოლაციაში მოხვედრა.

ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები უფრო ემპათიურები გახდნენ, რომ ერთად შევცვალოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სხვანაირად ეს არ გამოვა.”


33 წლის ლევან ყიყიშვილმა  საკუთარ თავზე გამოსცადა როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. ის თვალის ქრონიკული დაავადებით - “გლაუკომითდაიბადა. მშობლებს უნდოდათ რომ ლევანი სულ სახლში ჰყოლოდათ, ფიქრობდნენ, რომ ეს მისივე უსაფრთხოებისთვის იქნებოდა სწორი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბებია შეეწინააღმდეგა და თვითონვე მოძებნა ექიმი თელავში: “მოკლედ, ამის გამო დავრწმუნდი, რომ  იღბლიანი ვყოფილვარ. ბებო თელავში ერთ არაჩვეულებრივ ექიმს შეხვდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ სახლში არ უნდა ჩავეკეტე. პირიქით, სკოლაში აუცილებლად უნდა მივეყვანე. თბილისში იყო ასეთი ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლადა იქ უნდა მევლო,” გვეუბნება ლევანი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, ბებომ მაინც წამომიყვანა სოფლიდან და სპეციალიზებულ სკოლაში შემიყვანა.”
ლევანი აღიარებს, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას რადიკალურად შეუძლია ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობა შეცვალოს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა აქვთ.

ფსიქოლოგი
ანა დურგლიშვილი გვიდასტურებს, რომ სოციალიზაციის პროცესს, ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი ცხოვრების წესი და მეგობრები საბოლოოდ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორები ვართ,” გვეუბნება ანა.
ლევანს ახსენდება, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც სკოლაში სიარული დაიწყო.
სკოლაში როგორც შევედი, მალევე დავიწყე ეკლესიაში სიარულიც. იქ უამრავი ადამიანი გავიცანი, რომლებმაც ექსკურსიაზე წამიყვანეს. ბევრ სხვა ღონისძიებაზეც დავყავდი. ჩემი მშობლები გაოცებულები იყვნენ, როგორ ვუმკლავდებოდი ყოველდღიურ რუტინას, მას შემდეგ რაც სულ სახლში აღარ ვიყავი. ისეთი რაღაცების კეთება დავიწყე, რაზეც სულ ეგონათ, რომ დამოუკიდებლად ვერასდროს შევძლებდი,” ამბობს ლევანი.

ადამიანის უფლებების დამცველები ხშირად მიუთითებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის ისევ უხილავებიარიან. სალომე გულწრფელად ამბობს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, ნდობა დაკარგეს.
არ გვინდა საზოგადოებას მხოლოდ ვებრალებოდეთ. სინამდვილეშითანაგანცდა და მხარდაჭერა გჭირდება,”გვიხსნის სალომე.

ლევანი გვეუბნება, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ადამიანები უფრო ემპათიურები გახდნენ და დახმარებისთვისაც სულ მზად არიან.
ლევანს კარგი მეგობრები ჰყავს, რომლებიც ითვალისწინებენ პანდემიით შექმნილ სიტუაციას და მას მაღაზიიდან პროდუქტების მოტანაში ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა პროფესიული კოლეჯი უკვე დაამთავრა, სკოლის ადმინისტრაციამ უფლება მისცა პანდემიის დასრულებამდე იქ უფასოდ დარჩეს.
თითქოს იმ ხალხმა, ვინც ახლა სულ სახლშია, უკეთ გამიცნო. იციან, რომ რაღაც შეიძლება დამჭირდეს და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე მზად არიან რომ დამეხმარონ,” ამბობს ლევანი.

გამოცემები

იზოლაცია

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay