მიწიერი ტკბობის ბაღები

ილუსტრატორი: მარიამ კალანდაძე

ტექსტის ავტორი: ანა ძიაპშიპა


პირველი ადგილი, რომელსაც იზოლაციიდან გამოპარულმა თავი რამდენიმე საათით შევაფარე, ილიას ბაღი იყო პლეხანოვზე. 

აპრილის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით გაურკვეველი იყო, ვიდრე დღეს. 

ამ გასეირნებას - სახლიდან გასვლის ფრთხილ გადაწყვეტყილებას - მოულოდნელი შედეგი ჰქონდა. გარეთ გატარებულმა რამდენიმე საათმა, ჩიტების ჭიკჭიკმა და მწვანე ხეების შრიალმა ჩემი კარანტინში გაჩენილი შიშების მოთვინიერება შეძლეს. 

როგორც კი სახლში დავბრუნდი, ველოსიპედი შევაკეთე და ახლომდებარე პარკებისა და ბაღების შესწავლა გადავწყვიტე. ბუნებაში ყველა გასვლის შემდეგ უფრო პროდუქტიული ვხდებოდი. შეხვედრების ნაწილიც ზუმის ნაცვლად პარკში გადავიტანე. 

ჩემმა პირადმა ტრანსფორმაციამ, პარკებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობის გადააზრებამ, შთამაგონა გამეგო სხვა ადამიანების ცვლილების შესახებაც. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიკვლევდი, ვკითხულობდი სხვადასხვა ტექსტებს; ველაპარაკებოდი აქტივისტებს, მეგობრებსა და პარკში აქტიურ მოსიარულეებს. აღმოვაჩინე რომ ჩემ გარშემო, მწვანე სივრცის დამფასებლების რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილიყო. ბოლო წლებში, თბილისის მწვანე საფარის განადგურებაც, ამ ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულად მეჩვენა.

ჩემმა კვლევამ და გამოკითხვამ დამიდასტურა რომ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის ეპოქაში, უხილავი ვირუსი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომელმაც მწვანე სივრცეების არსებობასა და ქალაქის დაგეგმარების მნიშვნელობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. 

ოთახებში ჩაკეტვას ბევრმა პარკებსა და ბაღებში ყოფნა არჩია. ზოგი ქალაქის მწვანე შემოგარენს უფრო დიდი მარშრუტების დაძლევით იკვლევდა.

ქალაქში უმრავლესობამ კი იპოდრომს მიაშურა; დიდ და  ღია სივრცეს თბილისის შუაგულში. პანდემიამდე ამ ადგილს მხოლოდ მორბენლები, კრიკეტის მოყვარული ინდოელი სტუდენტები, ძაღლის პატრონები და უპატრონო ცხოველები იყენებდნენ. ამ გაზაფხულზე კი, ის უფრო მეტი ადამიანის თავშესაფარი გახდა. ადგილიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დისტანცია ადვილად დაგვეცვა და ღია სივრცითა და სუფთა ჰაერზე ყოფნით სიამოვნება მიგვეღო. 

საუბრებისას ერთი განსაკუთრებული აზრი მოვისმინე, რომელიც დღემდე მახსენებს თავს. ჩემი ნაცნობ-მეგობრების კოლექტიური სურვილია, ქალაქს  დიდი პარკი ჰქონდეს, რომელიც რამდენიმე უბანს გააერთიანებს და მწვანე სივრცით ტკბობის საშუალებას მოგვცემს. შესაბამისად, არ მივიღებთ მორიგ ასფალტირებული ზედაპირით დაფარულ ახლად გარემონტებულ ბაღს.

ჩემ წარმოდგენაში, მტკვრის სანაპიროებსაც ქალაქის ორგანულ ნაწილად აღვიქვამ, ხალხისთვის ადვილად მისაწვდომ სანაპიროდ, ვიდრე წინაღობად, ზუსტად ისე, როგორც ადრე.
ახალაშენებულ კომპლექსებსაც მწვანედ ვხედავ; სიმახინჯეების შემფარავი ვეგეტაციით შემკულს ან როგორც საჯარო მწვანე ადგილებს, რომლის მცხოვრებლებისთვის ბუნება ყოფის ნაწილი ხდება და არა საძულველი მტერი. ჩემმა ფიქრებმა ნინო სეხნიაშვილისა და გიორგი ცაგარელის ტექსტი გამახსენა წიგნისთვის “Tbilisi it’s complicated” და ასევე ვატო წერეთლის მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც მტკვართან მისვლა ერთგვარი რიტუალური მსვლელობა იყო და რომელსაც ”მდინარის მაგიური ბაღი” ერქვა. 

აღმოვაჩინე, რომ ბაღებმა და პარკებმა არა მარტო მე შემცვალეს, არამედ დროებით,  ქალაქის მთავარი მიზიდულობის წერტილები გახდნენ. როგორც ამბობენ “პირადი პოლიტიკურია”, ამ შემთხვევაში, სწორედ პირადმა გამოცდილებამ და საზოგადო კრიზისმა დაგვანახა ჩვენი როლი და მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ქალაქის დაგეგმარების პროცესში - მათი შეუცვლელობა ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნისთვის. 

ჟურნალ ინდიგოს ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, გიორგი ჭკადუა თბილისის ბაღებზე წერს: “ბაღი თბილისური ურთიერთობებისთვის ყველაზე კომფორტული არეალია.” 
“სამხრეთულ ქალაქში, როგორიც თბილისია, ყველაფერი სწორედ ბაღში შეიძლება მოხდეს,”აგრძელებს ავტორი, და დასძენს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა საჯარო პარკებსა და ბაღებს ქალაქის ცხოვრებაში და მის ყოველდღიურობაში.

ქალაქგეგმარების სპეციალისტი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ არასწორი დაგეგმარების გამო, თბილისის მწვანე სივრცეების დიდი ნაწილი უკვე განადგურებული და გამქრალია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ერთ მოქალაქეზე, საშუალოდ, ოთხიდან ხუთ მეტრამდე მწვანე სივრცე მოდის, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი ერთ მოქალაქეზე, საშუალოდ, 15-დან 18 მეტრს უტოლდება.

დღეს, პანდემიის კონტროლის პირობებში, ადამიანებს ჩვენი ქალაქის  პარკებში თავისუფლად სიარული შეუძლიათ. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ქალაქის ცხოვრების ყოველდღიურობაში, მათი მნიშვნელობის დავიწყებაც ადვილად შესაძლებელია. მკაცრი კარანტინის გაუქმებასთან ერთად, პარკები შედარებით დაცარიელებულია, მაგრამ ჯერ არავინ იცის კიდევ როდის გახდებიან ისინი ქალაქის სოციალური ცხოვრების მთავარი მიზიდულობის ცენტრები.

ეს ადგილები იმ ხალხსაც იტევდა, რომლებიც თავიანთ ჩვეულებრივ გაზაფხულის შუადღეებს ღია კაფეებში და ადრეულ დილებს თბილისის კლუბებსა და ბარებში ატარებდნენ. 
კოვიდ19-მა ჩვენი ყოველდღიურობა და ყოფა სულ რამდენიმე კვირაში არსებითად შეცვალა. ის ჩვენთვის ბუნებასთან დაბრუნების საშუალებად იქცა, იმის შეხსენებად, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს სიმწვანესა და სიმშვიდეში გატარებულ თითოეულ წუთს. 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა არჩევანი იმისთვის, რომ დარჩენილი მწვანე კუნძულების მნიშვნელობა გავიაზროთ, სანამ ისინი ქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ  და სანამ მისი სხეული ნელ-ნელა მთლიანად ბეტონის მასად იქცევა.

როგორც მერაბ ბოლქვაძე ამბობს: “ჩვენ ბუნება ქალაქიდან გავაძევეთ, ეხლა კი მისი დაბრუნება უნდა ვცადოთ.”


ამ ტექსტზე მუშაობისას, შემთხვევით მეგობრის ორგანიზებულ გამოფენაზე “სუფთა ხელები” აღმოვჩნდი, სადაც მარიამ კალანდაძის ჩანახატები ვნახე რუკებზე. რადგან მეც ქალაქზე და მის რუკაზე არსებულ მწვანე სივრცეებზე ვფიქრობდი, მარიამის ნახატების ნახვა სასიამოვნი დამთხვევა აღმოჩნდა. ვიფიქრე, რომ მისი აბსტრაქტული ინტერპრეტაციები ჩემს ფიქრებსა და ტექსტს ზუსტად ეხმიანებოდა და მათი გამოყენება გადავწყვიტე.

გამოცემები

გარდამავალი პერიოდი

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay