მე მქონდა ცარიელი სივრცე
განაცხადი
ნახვა: 7592
ენები: 

ეს მულტიმედია პროექტი 2012 წლის დღიურის ამონარიდებისგან შედგებაიმ დროიდან ბევრი პირადი ვიდეო, აუდიო, ტექსტი და ფოტო დამიგროვდა. როდესაც მათი შერწყმა და გასაჯაროება გადავწყვიტე, ჩემივე მასალაში დავიკარგეგამოსავლის ძებნა აღიარების სირთულეს გავდა. მედიუმების გაერთიანების მცდელობისას გავიაზრერომ პირადი პორტრეტის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალს გავცემდი

 

ჩვენი პირველი შეხვედრა მოულოდნელი იყო. ელდა მეცა მისი სახელის გაგონებისას. დაუპატიჟებელი სტუმარი ჩემს სახლში დაუკითხავად შემოვიდა. ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ვერც ვხედავდი, თუმცა მისი სახელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ რთულ და უჩვეულო მოგზაურობაში თვალდახუჭული გავყოლოდი.

 

თავიდანვე შევეგუე, რომ რაღაც დროს ერთად ყოფნა მოგვიწევდა და ეს კავშირი ადვილი და უმტკივნეულო არ იქნებოდა. იმ აზრსაც მივეჩვიე რომ ჩვენი თანაარსებობა რომელიმეს სამუდამო წასვლით უნდა დასრულებულიყო.

 

ის, რაც მხოლოდ შინაგანი მოგზაურობა მეგონა, აღმოჩნდა რომ  ფიზიკურ გადაადგილებასაც გულისხმობდა. ამ შეხვედრამ ახალი სახლი მაპოვნინა, ახალი ენა და განსხვავებული კულტურა. 

 

მივხვდი, იმისთვის რომ გავთავისუფლდე, ყველაფერი ძველი და ძვირფასი უნდა დავთმო, მათ შორის საკუთარი სხეულიც.

 

მასთან ყოფნის დროს ბევრი რამე ვისწავლე, ახლაც ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, რა იყო მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, საჩუქარი თუ წყევლა? 

 

ხანდახან ისეთი დაუნდობელი და ბრუტალური იყო, რომ მისგან წამოსულ ყოვლისმომცველ და მზარდ აგრესიას მხოლოდ ესეთივე სიძლიერის შხამს ვუპირისპირებდი. სადღაც 3 კვირაში ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში მეტროთი მგზავრობა მიწევდა, რომ უცნობი ქალაქის მეორე ბოლოში მივსულიყავი და ოთახში  ჩავკეტილიყავი. ოთახს დიდი თეთრი ფანჯარა ჰქონდა, დიდი მწვანე ხე ჩანდა.

ჩემი სავარძლის წინ რაღაც უმნიშვნელო რეპროდუქცია ეკიდა ღია ვარდისფერ ფერებში. ჭაღის მაგივრად ჭერიდან წითელი და თეთრი მილები ჩამოდიოდა, ისინი ჩემს მკრთალ, მოცისფრო, თითქმის უჩინარ ვენებს უერთდებოდა და ჩემი სხეული, ჩემივე ნებართვით ძლიერი შხამის მიმღები ხდებოდა. რამდენიმე საათი ვგრძნობდი როგორ ვიწამლებოდი, შხამის ეს დოზა მხოლოდ რამდენიმე კვირა მეხმარებოდა მისი აგრესიის შეჩერებაში.

ამ დროსაც არ მშორდებოდა, სულ ჩემ გვერდით იყო, თვალს თვალში ვუყრიდი და ორი საათი ვუყურებდი, ჩემს ძალას და უძლურებას ერთად ვგრძნობდი, იმასაც ვხედავდი ყოველ ჯერზე როგორ სუსტდებოდა და პატარავდებოდა, განწირული იყო. 

დასუსტებულიც კი მსხვერპლთშეწირვას მოითხოვდა, თავის სრულიად დაკარგვას, ფიზიკური სხეულის ბოლომდე დათმობას. სხვა გზა არ მქონდა, ყველაფერს ბოლომდე ვუსრულებდი, მაგრამ მიჭირდა ამასთან შეგუება. ხანდახან სარკეებს ნაჭრებს ვაფარებდი, ყველაფერს თვალს ვარიდებდი, რაც მირეკლავდა, დარაბებს ვხურავდი და ძველ ფოტოებს საათობით ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი როგორი ვიყავი და არ მინდოდა იმასთან შეგუება, რასაც დავემსგავსე. ეს გამოუვალობა მაიძულებდა მუდმივად თავის დაღწევის გზები მეპოვა, ყველაფერი ხდებოდა ნიშანი, გაქცევის და თავდავიწყების საშუალება. იმ დროს ყველაზე კარგად მივხვდი, როგორი მნიშვნელოვანია ყველა წამი შევიგრძნო, ახლა და აქ ყოფნა ვისწავლე. 

 

ინტენსიურობისა და ბრძოლის მიუხედავად ეს ურთიერთობა სამყაროს რადიკალურად განსხვავებული შემეცნების სივრცე გახდა. თითქოს აღქმის კუთხე შემეცვალა. სხეულის დათმობის ხარჯზე საკუთარი თავის დამკვირვებელი გავხდი, ჩემი ცხოვრება ჩემივე შესწავლის მთავარი ობიექტი გახდა. მაშინ პირველად გავიაზრე როგორ შეიძლება ყველანაირი ტექსტი მინიშნებად ან სიმბოლოდ იქცეს. რაღაც დროიდან სიტყვებმა და გამოსახულებებმა ავტორი დაკარგეს და მხოლოდ სუბიექტურ, ინდივიდუალურ გამოცდილებად გარდაიქმნენ. 

 

ჩვენ შორის კავშირი უცებ გაწყდა. ჩემი მიღებული შხამი და ნექტარი მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. მისი წასვლა არასოდეს მინანია, ისიც ზუსტად ვიცი, რომ ვერ დაბრუნდება, უფრო სწორად, ჩემზე ზემოქმედებას ვეღარ შეძლებს. ნაცნობ გარემოს ახალი გამოცდილებით დავუბრუნდი. თავი სარკისმიღმეთიდან დაბრუნებული ელისი მეგონა ან დოროთი ოზის ჯადოსნური სამყაროდან.

მათსავით გაზრდილი, დიდი და ძლიერი ვიყავი, განუმეორებელი ცოდნით, რომლის ძალა სულ ახლახან შევიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ გამოცდილება მხოლოდ მაშინ იქცევა ძალად, როდესაც მისი გაზიარება შეგიძლია.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება