ცხოვრება დანის პირზე: ქართველი პრეკარიატები
განაცხადი
ნახვა: 10398
ენები: 

„ნებაყოფლობითი მონობა 21 საუკუნეში“, „სინანული დაკარგულ დროზე“, „ნეპოტიზმის ზეიმი და გაუსაძლისი პირობები“, „დაუფასებელი შრომა“, „ლამაზი იმედგაცრუება“ „ჭაობი“, „გულაგი“... ეს იმ მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მომსახურების სფეროს თანამშრომლები ყოფილ ან ახლანდელ დამსაქმებლებს აფასებენ jobrate.ge-ზე, საიტზე სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ანონიმურად შეაფასონ დამსაქმებელი კომპანიები.

სოფიო ქორიძე  იზიარებს ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადგან მისი ოთხწლიანი მუშაობა სერვსის სფეროში სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. ჟურნალისტური გამოცდილების მქონე 30 წლის ქორიძე კერძო დაცვის კომპანიაში ღამის ცვლაში ოპერატორად მუშაობდა 21:00 საათიდან 9:00 საათამდე. იგი ასევე მუშაობდა დამატებით ოთხ საათს გასამრჯელოს გაზრდის მიზნით. საბოლოო ჯამში მას 16 საათი უწევდა მუშაობა.

’’ჩემ რეზიუმეში ზოგ სამსახურს არც ვწერ, არ მინდა დამსაქმებელმა იფიქროს, რომ არასტაბილური თანამშრომელი ვარ. ბევრი სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პრობლემებია. არაფერი იცვლება, გარდა დამსაქმებლების სახელებისა’’ - ამბობს სოფიო.

კონსულტანტის ხელფასი კონტრაქტის მიხედვით თვეში 400 ლარამდე მერყეობს, რაც საქართველოში საშუალო ხელფასთან (940 ლართან) შედარებით ძალიან ცოტაა. ამ თანხით კი შეუძლებელია როგორც ქორიძისთვის, ასევე სხვა მსგავსი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ბინის ქირის გადახდა. ამიტომაც იგი ბინის თანხას რამდენიმე ადამიანთან იყოფს.

ქორიძე პრეკარიატია. წიგნში პრეკარიატი: ახალი საშიში კლასი ბრიტანელი ეკონომისტი გაი სტენდიგი პრეკარიატს უწოდებს იმ მშრომელთა კლასს, რომელშიც თავს იყრიან არასტაბილური და დაბალანაზღაურებადი სამსახურის მქონე ადამიანები, რომელთა შრომითი უფლებები დარღვეულია, არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, ხელფასი არ შეესაბამება დახარჯულ დროს და ენერგიას და ა.შ.

მისი აზრით, პრეკარიატს არ გააჩნია ,,პროფესიული იდენტობა“ - ის მახასიათებელი, რომლითაც ხდება საკუთარი იდენტობის კარიერსთან დაკავშირება.

საქართველოში ეს ეხება ძირითადად მომსახურების სფეროს.

30 წლის სოფიო ქორიძე ჟურნალისტია, მაგრამ ბოლო ოთხი წელია მომსახურების სფეროში მუშაობს.
განცხადება გლდანის მეტროსადგურში.
როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში მაღაზიის კონსულტანტებს უწევთ ბევრი სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. როგორც რესპოდენტები ამბობენ ზეგანაკვეთური სამუშაო არ ანაზღაურდება.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მის ნანგრევებში მოჰყვა ყველა ახალდაბადებული ქვეყნის ეკონომიკა თავის ფაბრიკა-ქარხნებიანად, პოსტსაბჭოთა საქართველოში კი სტაგნაციის ხანა დაიწყო. 1989-1994 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ¾-ით შემცირდა, ინფლაციამ 15,000%-ს მიაღწია, ინდუსტრიული წარმოება განახევრდა, ხოლო ხელფასებმა 90 პროცენტით დაიკლო, რაც უამრავ ოჯახს დაეტყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ნეო-ლიბერალური მიდგომების შედეგად, ქვეყანამ ბევრი საერთაშორისო ინვესტიცია მოიზიდა და  მშპ საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა წარმატების ნაყოფი ყველას არ შეხვდა. სამუშაო ადგილების ნაკლებობითა და შრომითი უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მკვლევარ სტეფან ჯონსის მიხედვით, ყოველი მეოთხე ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც სამუშაოდ უცხოეთში წავიდა.

დამსაქმებლისთვის შექმნილი მდგომარეობა ხელსაყრელია. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, რომელიც რამდენიმე ასეულ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს აერთიანებს,  ვიცე პრეზიდენტი მიშა კორძახია, ამბობს რომ კომპანიებს არ სურთ ბევრი ფულის გადახდა მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის.

მომსახურების სფეროში დასაქმებულთა ხელფასები არ შეესაბამება შრომითი კანონის მოთხოვნებს, რაც უმეტესწილად განპირობებულია დასაქმების ბევრი მსურველით. კომპანიას არ უღირს ხელფასის გაზრდა.

„2013 წელს სახელმწიფომ დაადგინა ახალი შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ბიზნესს დაუწესა შეზღუდვები ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: თანამშრომლის გათავისუფლების სირთულე, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ქალთა უფლებები”, - ამბობს კორძახია და დასძენს, რომ ბიზნესი გადასახადებს იხდის და ასეთი საკითხები მას არ ეხება. „მეტი სამუშაო ადგილის შექმნა არ არის ბიზნესის მიზანი, ესაა საშუალება რომ უფრო მეტი მოგება ნახოს”.

საქართველოს შრომის კოდექსის მონაცემების მიხედვით მინიმალური საარსებო ხელფასი 177 ლარს შეადგენ. 2016 წლის მონაცემებით კი 3.7 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 32 პროცენტს დღეში 6 ლარზე ნაკლები აქვს.

ფინანსური პრობლემების გამო ლევან ჩალათაშვილმა უნივერსიტეტი მიატოვა, სადაც ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობდა. ლევანის ოჯახი რეგიონში ცხოვრობს. უნივერსიტეტში სწავლისას მას უწევდა პარალელურად მუშაობა, რათა გადაეხადა ტრანსპორტის, ქირის და კვების ხარჯი.

მისი პირველი სამსახური ჰიპერმარკეტში კონსულტანტობა იყო, სადაც ფიზიკური ხასიათის სამუშაოს ასრულებდა - თაროების აწყობა, პროდუქციის გადმოტვირთვა საწყობში და შემდეგ მათი განთავსება დარბაზში, პროდუქციის ვადების და ფასების კონტროლი. ამასთან ერთად უწევდა ზეგანაკვეთური მუშაობაც.

„თავიდან გეუბნებიან, რომ თავისუფალი სამუშაო გარემოა მოქნილი გრაფიკით, თუმცა ხდება კამერით ყველა დეტალის კონტროლი - ამოწმებენ ვის დაელაპარაკები, ვის გაუღიმებ. ავად ყოფნისას არ გიწევენ არანაირ შეღავათს. ერთხელ ფილტვების ანთება მქონა, 38 სიცხე, ერთხელაც ორივე ყურის ანთება გადავიტანე, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ არ ვიმუშავებდი ხელფასი დამაკლდებოდა.” - ამბობს ლევანი. 

ლევან ჩალათაშვილმა სწავლა ფინანსური პრობლემების გამო მიატოვა და სამსახური სუპერმარკეტების ქსელში იპოვა.”4 წლის განმავლობაში გამოვიცვალე 5 სამსახური და 10 ბინა. იცით რას ნიშნავს, დილით რომ იღვიძებთ და დაღლილი არ ხართ? მე - არა.”
თბილისის ხალხმრავალ ადგილებში ხშირად წააწყდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან სწავლის ან ქირის ფულის შესაგროვებლად.
“სერვისის სფერო მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ შრომასაც, რომელიც სტუდენტისთვის იმდენად დამღლელია, რომ პროფესიულ განათლებაზე რესურსი აღარ ჰყოფნის,” ამბობს 21 წლის კინომცოდნე ნინა გოჩიტაშვილი, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელად მომსახურების სფეროში მუშაობს.

სუპერმარკეტებისა და საცალო ვაჭრობის ქსელები ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში, შრომის უფლებების დარღვევების კუთხით. ცოტა ხნის წინ სუპერმარკეტის ნიკორა ყოფილმა თანამშრომლებმა სამუშაო პირობები გააპროტესტეს. მათ ვადაგასული პროდუქტის ყიდვა ევალბოდათ. 2017 წლის დასაწყისში  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოძიების შედეგად,  სუპერმარკეტების ქსელში ფრესკო შრომის უფლებების დარღვევა გამოაშკარავდა. დასაქმებულები კვირაში 60 საათამდე მუშაობდნენ, მაშინ როდესაც შრომის კოდექსის მიხედვით 48 საათია დაშვებული.  ამასთან ერთად, დასაქმებულებს ხშირად აკლებდნენ ხელფასს უსამართლოდ. ფრესკოს ქსელი 2000 ლარით დააჯარიმეს  ქალების გასახდელ ოთახში ფარული კამერების დაყენების გამო. კომპანიამ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებლად ქურდობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის თავიდან აცილება დაასახელა.

სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის საბჭოს წევრის ნენო ჩარკვიანის მიხედვით, ქალები ყველაზე დაუცველნი არიან. სოლიდარობის ქსელი მშრომელთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა.

„ქალთა საკითხი და გენდერული სტრეოტიპები მნიშვნელოვანია სერვისის სფეროში. ხშირად ქალები ორმაგად ექსპლუატირებულები არიან, ვიდრე კაცები. მათ ევალებათ იყვნენ დამლაგებლები, მიუხედავა იმისა, რომ არიან მოლარეები ან კონსულტანტები. ამასთან, მაღაზიაში ბიჭი კონსულტანტები ფაქტობრივად არასდროს არიან ვალდებული შეასრულონ დამლაგებლის ფუნქცია, რადგან ქალისთვის ეს ,,ბუნებრივ მოვალეობად“ აღიქმება. შესაბამისად, ძალიან მარტივია ამ კომპანიებისთვის დამლაგებლის კადრზე ფულის დაზოგვა.”

ორგანიზაციის პირველი კამპანია იყო „შრომა არ არის იოლი“, რომელიც სუპერმარკეტის ქსელში იოლი დასაქმებული კონსულტანტების შრომის უფლებების დარღვევას აპროტესტებდა.

 

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე 14 პროცენტს აღწევს და ძირითადად დაბალანაზღაურებადი სამსახურებია, დასაქმებულები სამუშაოს დაკარგვის შიშით, ექსპლუატაციას იშვიათად  აპროტესტებენ. თუმცა, ხმის ამოღებას რაღაც შედეგი მაინც მოაქვს.

„ყოველთვიურად შიშით ველოდებოდი ხელფასს, რადგან თუ აღმოჩნდებოდა, რომ ჩვენს ფილიალში დანაკლისი იყო, კონსულტანტებს ხელფასს დაგვაკლებდნენ. ერთხელ ყველა კონსულტანტს ჩამოგვაჭრეს 100-100 ლარი. მაშინ მოვაწყვეთ გაფიცვა და მივაღწიეთ იმას, რომ ხელმძღვანელობამ დაგვიბრუნა კუთვნილი 100 ლარი,“ - იხსენებს ქორიძე.

უმეტეს შემთხევავში დასაქმებულებს ბერკტები არ გააჩნიათ.

“ჩვენს რეალობაში, სერვისის სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ გარანტირებული მომავალი. არასდროს იციან როდის ეტყვიან: „თუ არ მოგწონს, წადი!” - ამბობს ნენო ჩარკვიანი.

„მომსახურების სფეროში დასაქმებულები როდესაც თავიანთ კოლექტივში თანამოაზრესა და მხარდამჭერს ვერ პოულობენ, დამსაქმებლის წინაშე რჩებიან მარტო ყველანაირი ბერკეტისა და იარაღის გარეშე, ხშირად მარცხდებიან და უქრებათ სიტუაციის გაუმჯობესების იმედი. ეს პრობლემა მასშტაბურია, ამიტომ საჭიროა მასზე კოლექტიური მუშაობა.” ამბობს ნენო ჩარკვიანი სოლიდარობის ქსელი- მშრომელთა ცენტრის აქტივისტი.
მომსახურე სფეროში დასაქმებულთა ხელფასი თვეში 400 ლარია. ოფიციალური საშუალო ხელფასი კი 940 ლარი, თუმცა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა კორძახია აღნიშნავს რომ „დაბალი რგოლის კარდებს უწევთ არც თუ ისე რთული საპროცესო სამუშაოების შესრულება.”
სერვისის სფეროში მუშაობა არ აღიქმება ჯანმრთელობის დამაზიანებელ სამუშაოდ, თუმცა ფეხზე ხანგრძლივი დგომა, კვებაზე გამოყოფილი არასაკმარისი დრო, სიმძიმეების აწევა და სხვა პირობები აუარესებს უკვე არსებულ ან იწვევს ახალ დაავადებებს.
როგორც ზოგიერთი მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანი აღნიშნავს, ბარებში და რესტორნებში არსებული განსაზღვრული მომსახურების თანხა 10-15% არასოდეს მიდის მომსახურე პერსონალთან, თუ დამატებითი გასამრჯელო არ დატოვე.

რედაქტორის შენიშვნა: ფოტო ისტორიის ავტორი თომა სუხაშვილი მომსახურების სფეროში მუშაობს.

 

 ივლისი, 2018 იდენტობა

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება