ცხოვრება ლამფის შუქზე
ნახვა: 1791
ენები: 

თბილისიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზე, სოფელ ტყემლოვანაში და დიდი ხნის წინ ჩავლილ 90-იანებში აღმოჩნდებით. აქ არც ელექტროენერგიაა, თავისთავად, არც ინტერნეტი, არც წყალი, არც ბუნებრივი აირი, არც გზა და ტრანსპორტი. ნივთებს, რომლებიც ჩვენ დიდი ხანია სხვენებსა თუ სარდაფებში შევინახეთ, აქ ყოველდღიურად იყენებენ.

 

სოფელში ბერების გარდა, სულ სამი ადამიანი ცხოვრობს. მურადი აქ 90-იანების მიწურულს, ქალაქ გორიდან გადმოსახლდა. დღეები ისე გადის, რომ საკუთარი თავის გარდა, არავის ესაუბრება და როგორც ამბობს, ლაპარაკს გადაეჩვია.

 

ლიაც გორიდანაა. დიდი ხნის მანძილზე პოლიციასა და პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი მეუღლეს სოფელში წამოჰყვა. ბატონი მურადისგან განსხვავებით, ტყემლოვანა ძალიან უყვარს. მისი თქმით, როდესაც მისი ქმარი ქალაქში მიემგზავრება, პირუტყვთან და ძაღლებთან საუბრით ირთობს თავს. ინფორმაციის ერთადერთი წყარო აქ რადიოა.

 

მურადი ზოგჯერ გენერატორს  (ე.წ. დვიჟოკს) ამუშავებს და ძველ ფილმებს უყურებს, თუმცა ეს ფუფუნება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა შვილები ესტუმრებიან და ნავთს მოუტანენ. საჭმელს ორივე ოჯახში შეშის ღუმელზე ან გაზის ბალონზე ამზადებენ, წყაროდან მოზიდული და შემდგომ სათლებში გამთბარი წყლით ბანაობენ, ღამით კი, თუ ძალიან საჭიროა, ლამფას ანთებენ.

 

ტყემლოვანაში ელექტროენერგიის გაყვანა 2015 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ენერგეტიკის სამინისტროში გვითხრეს, სოფელი მაღალმთიანი და მიუდგომელია, ამიტომ სამუშაოები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ტყემლოვანას გარდა, სექტემბერში ელექტროენერგიას კიდევ 3 ისეთი სოფელი ელოდებოდა, სადაც დენი დაახლოებით 20 წელია არ ჰქონიათ. მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების აუცილებლობაზე მთავრობას აზრი არ შეუცვლია, თუმცა შესაბამისი სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არაა.

ახლო მომავალში, ლია და მისი მეუღლე საცხოვრებლად ქალიშვილებთან, ქარელში გადასვლას გეგმავენ, მურადს კი არ სურს თავის ვაჟებს ხელი შეუშალოს და სოფელში დარჩენას აპირებს.

 

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება